დამატებითი გვერდები

პატარა ქალაქი დიდი პრობლემებით


 ჩემი პატარა ქალაქის პრობლემები დიდია. ამ პრობლემებს კატეგორიებადაც კი დავყოფდი: გამოსწორებული, გამოსასწორებელი და გამოუსწორებელი.

გამოსასწორებელის ძალიან დიდი სია არსებობს:


• ქუჩაში უპატრონო ქურთის ბავშვთან ერთად მოსეირნე ძირს დაყრილი ნაგავი.
•არარსებული საგზაო გადასასვლელებით შექმნილი პრობლმეა, რომელიც თანაბრად აწუხებთ მგზავრებსაც და ფეხით მოსიარულეებსაც. მძღოლები ხშირად ემოციური ხალხია და არ შეუძლიათ აზრი არ გამოხატონ, ეს კი ერთობ უსიამოვნო სიტუაციებს ქმნის. არა და ფეხით მოსიარულემაც რა ქნას? ღმერთმა ის ადამიანად შექმნა და არა პეპელად, რომ გზებს გადააფრინდეს.
•სამუშაო პრობლემა აღმოფხვრილი რომ არ არის საქართველოში, ამას უნდა კითხვა? მე ასევე ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობამაც დამაფიქრა. უმუშევარ ხალხს გააჩნიათ უარყოფითი ემოციებით დატვირთული გარეგნობა, ყოველი მათი სახის ნაქვთიც გაჯერებულია იმ ფრაზით, რომ "არ აქვს სამუშაო". ემოცია, კი მოგეხსენებათ, გადამდებია. ამ ყველაფრის მერე კი, რატომ უნდ გაგვიკვირდეს, რომ პატარა ქალაქის მცხოვრებლები ხშირად არ იღიმიან?

გამოსწორებულიც უნდა ავღნიშნო, თუმცა ხელისუფლება იმდენად ხშირად გვახსენებს, რომ არც კი ვიცი ღირს თუ არა? (გექნებათ სახლში ტელევიზორი). მე მაინც ვიტვი, რომ არ დავარღვიო სამართლიანობის წესები: აღარ არის ქურდობა, ყაჩაღობა, არის ღამის განათებები და ბევრი პატრული, შესაბამისად უსაფრთხოება.

გამოუსწორებელი ის საცოდავი იშვიათი ჯიშის წიწვოვანი ხეების ბედია, რომელიც "გაფასადებას" შეეწირა. ან ძველი ბიბლიოთეკის წიგნები, რომლებმაც გაბედეს და სახელმწიფოსთვის საჭირო ადგილი უმართებულოდ დაიკავეს. ისინი დაისაჯნენ, ოღონდ არ ვიცი როგორ, ფაქტია უდიერად მოეპყრნენ. (რა უნდა ტომარაში წიგნს?!)

ჩვენი ქალაქის გარდაქმნას შეეწირა წინა ბიბლიოთეკარიც. ამას არ ვგლოვობ, ალბათ უფრო პირიქით, ვზეიმობ. არც არასდროს ყოფილა ღირსი, დაენიშნათ მაგ ადგილზე. ბიბლიოთეკით ხშირად ბავშვები სარგებლობენ და მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ დახვდებიან წიგნის ტაძარში. ის კი, შურდულიდან ნასროლი ქვით დაჭრილი ბარტყივით გაგაშეშებდა ადგილზე. ბავშვობაში მისული, რამდენჯერ დავუტანჯივარ - მორიდებით შევცქეროდი, როდის მორჩებოდა ჭორიკნობას და მოიცლიდა ჩემთვის. ცოტა რომ მოვიზარდე, თავხედობამდე მისული გაბედულებით ვიჭრებოდი ოთახში და დამდუღულივით სწრაფად ვცდილობდი მიმეხალა წიგნის სათაური და ავტორი. მერე რა, რომ შურდულისებრი მზერა მირღვევდა პირად სივრცეს. რაც მთავარია, ვიგებდი დროს და მორიგ ბრძოლას.

ახლა კი მე სხვა რამ მაწუხებს. ეს პრობლემა რომელ კატეგორიას მივაკუთვნო, გამოსწორებულს თუ  გამოსასწორებელს? საკითხავია, რა უფრო ცუდია - უჟმური, მაგრამ მცოდნე კადრი თუ უცოდინარი და გულთბილი? ახლა სწორედ ასეა საქმე. ახალმა ბიბლიოთეკარმა ჩემი თანდასწრებით თავი ვერც ერთელ გაართვა სამუშაოს. თუმცა ამ სიკეთეს როგორ დავუკარგავ - ძალიან ცდილობდა და არც შურდულისებრი მზერა გამოუყენებია ჩემს წინააღმდეგ. პატარა ხუჭუჭა ბიჭუნის თხოვნით, ძალიან ცდილობდა ეპოვნა: "სოლომონ მეფის საგანძური", "კაპიტან ბლადის ოდეისეა", "ბასკერვილების ძაღლი" - რომელიც აგატა კრისტის ავტრობით ახსოვდა(!) ბოლოს ბიჭუნას ამოეწურა ავტორების მარაგი და დასაფიქრებლად დრო მისცა სათნო ბიბლიოთეკარმა. ამ დროის განმავლობაში კი ჩემი წიგნის მოსაძებნად შევიდა წიგნსაცავში. ამასობაში მე ბიჭუნას გამოველაპარაკე:
-რამდენი წლის ხარ?
მან ჯერ დაბნევით შემომხედა და თავის სწრაფად შემობრუნების გამო კულულები აათამაშა. შემდეგ საეჭვოდ ჩაფიქრდა, ალბათ ორჭოფობდა, რა ეპასუხა.
-ცამეტი...
-ძალიან კარგი, მით უკეთესი თუ ცამეტის ხარ-არ შევქმენი უხერხულობა და არ ვაგრძნობინე რომ მივუხვდი ტყუილს, ასაკთან შედარებით, რომ პატარა იყო.-"კალე ბლუმკვისტი" სთხოვე, ნამდვილად მოგეწონება. ასტრიდ ლინდგრენისაა.
დასტურის ნიშნად კვლავ შეარხია კულულები და დაბნევით დახედა იატაკს.
ბიბლიოთეკარი რაღა თქმა უნდა ხელცარიელი დაბრუნდა და ბოდიში მოიხადა, ყველა ეგზემპლარი წაღებული იქნებაო. რაღა მეთქმოდა და წამოსვლა დავაპირე.
-მე "კალე ბლუმკვისტი მინდა"-სასწრაფოდ უთხრა ბიჭუნამ, თითქოს ჩემთან შეამოწმა ხომ სწორად ვთქვი სახელიო და ისევ ნერვიული მზერა იატაკზე გადაიტანა.
-დიახ, ლინდგრენისაა. - დავუჭირე მხარი კულულებიანს.
-ლინდგრენი, დიახ, ლინდგრენი.-დაბნევით გაიმეორა ბიბლიოთეკარმაც.
-ნახვამდის!-გავუღიმე ორივეს.
-ნახვამდის!-მიპასუხა ბიბლიოთეკარმაც. კულულებიანმა ბიჭუნამ კი ამომხედა და ისევ დასჯილი ბავშვივით დახარა თავი.

ვიცოდი ბიბლიოთეკარი მაინც ვერ იპოვნიდა. რატომ ვურჩიე მაშ? იმიტომ, რომ ბიჭს ისეთი თვალები ჰქონდა, არ შეიძლება ეს წიგნი სადმე არ ეშოვა, თუკი ბიბლიოთეკაში ვერ იშოვიდა. სხვანმაირად არ შეიძლება მომხდარიყო.

ბიბლიოთეკიდან გამოსულს ღიმილი გამომყოლოდა. წიგნი თუ ვერა, კარგი განწყობა მაინც მივიღე. რამდენიმე მეტრის მოშორებით კი აღმოვაჩინე რომ ქალაქში არტ კაფე გახსნილა. ესეც კიდევ ერთი მიზეზი რომ მხიარულ ხასიათზე დავმდგარიყავი. აფიშამაც კარგი ამბავი მამცნო: "პოეზიის საღამო, ბათუმელი პოეტები".

გაიღვიძე მიძინებულო, უღიმრამო ქალაქო! იქნებ ერთ დღეს შენზე თქვან: პატარა ქალაქია პატარა პრობლემებითო!

1 comment:

  1. უჟმურს მაინც ასეთი ბიბლიოთეკარი მირჩევნია. მერე რა, რომ რაღაცები არ იცის... ისწავლის, იმედია.

    ReplyDelete